რა უფლებები აქვს მომხმარებელს

ვინ არის მომხმარებელი?

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის თანახმად:

მომხმარებელი არის ბოლო მომხმხმარებელი, რომელიც საკუთარი მიზნებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე.

 

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად:

მომხმარებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.

 

მომხმარებელთა უფლებები

  • მომხმარებელს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობა
  • მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან/და არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობები, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ
  • მომხმარებელს უნდა შეეძლოს უფასოდ და შეუფერხებლად, ამომწურავად, გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით
  • მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი
  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
  • მომხმარებელს უფლება აქვს საჩივარი წარადგინოს უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ამავე კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ან სასამართლოში.
  • ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო სისტემის შესახებ;
  • იყოს ინფორმირებული მომსახურების შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძვლებისა და ხანგრძლივობის შესახებ;
  • იყოს ინფორმირებული მიუწოდებელი ან უხარისხო მომსახურებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობების შესახებ;
  • მომსახურების ნებისმიერი სახისა და პირობის ცვლილების შემთხვევაში პროვაიდერი კომპანიისგან ეცნობოს ცვლილების განხორციელებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე;
  • გააჩნდეს წინასწარი ინფორმაცია თუკი რაიმე მომსახურებას ესაჭიროება დამატებითი ანაზღაურება (ამ მომსახურების მიწოდებამდე);
  • მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში არსებულ საჩივრების განმხილველ სამსახურში წარდგენილი საჩივარი განხილულ იქნას 15 დღის განმავლობაში, მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყოველმხრივ შესწავლილი და სათანადოდ დასაბუთებული;
  • მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით.

 

ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური