საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა

მიმდინარე წლის 21-22 მაისს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა,   თამთა ტეფნაძემ   საქართველოს პარლამენტში იურდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენისას საზოგადოებრივმა დამცვლემა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკაზე და  რეაგირების შედეგებზე. კერძოდ, თუკი 2016 წელს სამსახურმა განიხილა 208 საჩივარი, 2017 წელს განხილული წერილობითი/ზეპირი საჩივრების მაჩვენებელი შეადგენს 283 განაცხადს. 2017 წელს განხილული 283 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 271 საჩივარი (96%).  საერთო ჯამში განხილული საჩივრებიდან სრულად დაკმაყოფილდა 249, ხოლო 22 ნაწილობრივ.  დარღვევა არ დადასტურდა 12 საჩივარზე. დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს შემოსული 283 საჩივრიდან, მხოლოდ სამ შემთხვევაში გახდა საჭირო საკითხი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განეხილა.

ომბუდსმენმა,  მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო აგრეთვე 2017 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებულ ისეთი მნიშვნელოვანი  ანალიტიკური სამუშაოების წარდგენას, როგორიცაა:

  • ინტერნეტ მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების შემუშავება და კონტროლის მექანიზმის შექმნა;
  • საქველმოქმედო ზარებზე საქართველოში არსებული პრაქტიკა და მათ ხარვეზებზე მუშაობა;
  • 173 ინტერნეტ პროვაიდერი კომპანისს ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგები;
  • სააბონენტო ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება სერვის პროვაიდერი კომპანიებისთვის;
  • კომპანიების საჩივრების განმხილველი სამსახურების მუშაობის ეფექტურობის საკითხი.
  • მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიების მიერ როუმინგულ მომსახურებასთან დაკავშირებით განხილული საჩივრების სტატისტიკა.

პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა.