15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

2015 წლის 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა პრესკონფერენცია გამართა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ პრესისა და მედიის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს ინფორმაცია წარუდგინა შემდეგ ძირითად თემებზე:

1. 2014 წლის საქმიანობის ანგარიში;
2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები;
4. 2015 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა.

პრესკონფერენციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის, აგრეთვე, გაციფრულების პროცესში მაყურებლის სათანადო ინფორმირების როლის მნიშვნელობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით; ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტერესები, გაციფრულების პროცესში მოსახლეობის მზაობა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ოფიციალურად აღინიშნება 1983 წლის 15 მარტიდან, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან იწყება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლილას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის 4 ძირითადი უფლება:
– უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება;
– ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება;
– თავისუფალი არჩევანის უფლება;
– უფლება, მოუსმინონ მათ.