IMG_25072014_104503

შპს „ჯეოსელს“ მომხმარებელთა უფლებების დაცვისათვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა დაევალა

მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის რეაგირების საფუძველზე, შპს ,,ჯეოსელისწინააღმდეგ ფიზიკურ პირ . .-ს საჩივრის განხილვის შედეგად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ კომპანია „ჯეოსელმა“ ვერ უზრუნველყო მომხმარებლის უფლებების დაცვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელს“2017 წლის პირველ თებერვლამდე დაევალა ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა.

კომისიამ განმარტა და საზოგადოებრივი დამცველიც მიიჩნევს, რომ მომსახურების ტარიფი მომსახურების ერთ-ერთი არსებითი პირობაა და ტარიფის  მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე მომხმარებელი ინფორმირებულად ვერ ჩაითვლება, თუკი მას არ ეცოდინება ტარიფის ცვლილების ზუსტი დრო. შესაბამისად, მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ინტერნეტ-პაკეტების ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებულ ტარიფზე გადასვლის თაობაზე, რათა თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებისა თუ შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის რეაგირების საფუძველზე  კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის №655/16 გადაწყვეტილებით 2016 წლის პირველი იანვრისთვის ანალოგიური ეფექტიანი სისტემის დანერგვა დაევალა შპს „მაგთიკომსაც“.