რა უნდა ვიცოდეთ ციფრული მაუწყებლობის შესახებ

2015 წლიდან ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული მაუწყებლობა ჩაანაცვლებს. სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს.

ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ.

რეფორმის მიზანია:

  1. შეზღუდული ბუნებრივი რესურსის, ტელე-რადიო სიხშირეების ეფექტიანად გამოყენება;
  2. მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება;
  3. მედია ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება;
  4. მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო მაუწყებლობის მიწოდება;
  5. ინფორმაციული საზოგადოების განვითარება;
  6. ინვესტიციების მოზიდვა და დარგში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.

აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას – მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს მისთვის სასურველი გადაცემის ყურება; ისარგებლოს ელექტრონული პროგრამების კატალოგით და უფრო მეტიც- გამოიყენოს შეხსენების რეჟიმი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები.

რა იცვლება ანალოგური მაუწყებლობის აბონენტებისთვის?

ერთხელ გაწეული ხარჯის შედეგად მუდმივად მიიღებთ მრავალფეროვან და მაღალხარისხიან სატელევიზიო პროგრამებს.

რომელი ანტენით უნდა ვისარგებლოთ?

ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იგივე ანტენით მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა; იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც.

როგორი ტელევიზორით მივიღებთ ციფრულ სიგნალს?

ოჯახებს , რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის -„სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა.

ტელევიზორების შეცვლა მხოლოდ იმ მომხმარებლებს მოუწევთ, რომელთა ტელევიზორებს არ უერთდება RCA ტიპის კაბელი.

მას, ვისაც სურს შეიძინოს თანამედროვე ტელევიზორი, რომლის ფუნქციონალი შეესაბამება საქართველოში ციფრული ტელევიზიებისთვის განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს, დასჭირდება მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა.

რა ტიპის კაბელები დაგვჭირდება?

ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ: კოაქსიალური(იგივე სპილენძის)

და RCA შემაერთებელი კაბელები.

ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება სეთ-თოფ ბოქსს, თავად სეთ თოფ ბოქსი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA შემაერთებელი კაბელით. თუკი თქვენ გაქვთთანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.

რა არის სეთ-თოფ ბოქსი და რისთვის ვიყენებთ მას?

ციფრული მიწისზედა სატელევიზო სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა – ე.წ. „სეთ – თოფ ბოქსი“ , რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას.

ქვეყანაში იმპორტირებული სეთ-თოფ ბოქსების ფუნქციონალი ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციაში აღწერილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

რა შეღავათი ექნებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს?

ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მათი სუბსიდირება რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია, მთავრობა შეისყიდის სერთიფიცირებულ სეთ-თოფ ბოქსებს და საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვის-ცენტრებში გადაანაწილებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სეთ-თოფ ბოქსების მიტანას საცხოვრებელ ადგილზე.

სად შევიძნოთ ,,სეთ-თოფ ბოქსი”?

,,სეთ-თოფ ბოქსის” შეძენა შესაძლებელია სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში.

ხშირად დასმული კითხვები

რითი განსხვავდება სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა მაღალი გარჩევადობის პროგრამისგან?

სტანდარტული გარჩევადობის პროგრამის საშუალო სიჩქარე 2.16 მბ/წმ-შია, ხოლო მაღალი გარჩევადობის პროგრამის სიჩქარე 5-დან 8 მბ/წმ-მდეა, იმის მიხედვით თუ რა ტიპის პროგრამა გადაიცემა. ჩვეულებრივად, მაღალი გარჩევადობის სპორტული პროგრამების ტრანსლირებისას უფრო მაღალი სიჩქარეები გამოიყენება.

რომელი პროგრამების ყურებას შევძლებთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ შეძლებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პროგრამის, მათ შორის – პირველი და მეორე არხების და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებას. ხოლო კომერციული ოპერატორი გადასცემს არსებულ ყველა ღია საეთერო, ეროვნულ პროგრამას, მათ შორის „რუსთავი 2“-ს, „იმედს“, „პირველ სტერეოს“ და სხვას.

არასაეთერო დაფარვის მოსახლეობისათვის ხომ არ განხორციელდება თანამგზავრული თეფშების და რისივერების სუბსიდირება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფონდიდან?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფონდი, ისევე როგორც სააგენტო, ემსახურება ექსკლუზიურად მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობას, რაც გამორიცხავს თანამგზავრული, საკაბელო ან სხვა სატელევიზიო მომსახურების სუბსიდირებას. ხოლო თვით სუბსიდირება გამიზნულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. რაც შეეხება დაფარვას, ქსელის ოპტიმიზაციის შედეგად მოხდება საეთერო სიგნალის მიწოდება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც დღეს არასაეთერო დაფარვის ზონაში იმყოფებიან.

რატომ არ არის დაგეგმილი საეთერო ქსელი „სახლის ანტენების“ მიღების პირობებში?

ამგვარი დაგეგმარება გამოიწვევს ქსელის მშენებლობის ხარჯის გაზრდას, როგორც სახელმწიფოსთვის ისე ინვესტორებისთვის. პირველი ეტაპისათვის ამგვარი ხარჯის გაწევა არ არის მიზანშეწონილი. დროთა განმავლობაში ქსელი ისედაც განიცდის მოდერნიზაციას და გაფართოებას.

როგორაა დარეგულირებული კონცენტრაციის საკითხები და მაუწყებლების გაერთიანების შემთხვევაში მათ პლატფორმაზე კონკურენტული პროგრამების დაშვების რეგულაციები?

კონცენტრაციის საკითხები მოგვარებულია ადგილობრივი და ეროვნული მაუწყებლებისათვის ალტერნატიული პლატფორმების შექმნით. ხოლო მაუწყებლების მიერ მათ ქსელში კონკურენტული პროგრამების დაშვების საკითხები დარეგულირებულია „must carry“ პრინციპით. ნებისმიერი ქსელის/მუქს პლატფორმის ოპერატორი, მიუხედავად იმისა თუ რა გემოვნება აქვს, ვალდებული იქნება მის პლატფორმაზე დაუშვას ღია საეთერო მაუწყებელი.

შეიძლება თუ არა საკაბელო და ციფრული მაუწყებლობა ერთდროულად მივიღოთ?

შეიძლება, თუ ,,სეთ-თოფ ბოქსი“ ორივე ტექნოლოგიურ პლატფორმასთან თავსებადია.

რა ტიპის კაბელი დაგვჭირდება ციფრული ტელევიზიისათვის და გამოგვადგება თუ არა ძველი კოაქსიალური (სპილენძის) სატელევიზიო კაბელი?

ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ: კოაქსიალური(იგივე სპილენძის) და RCA შემაერთებელი კაბელები. ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება სეთ-თოფ ბოქსს, თავად სეთ თოფ ბოქსი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA შემაერთებელი კაბელით. თუკი თქვენ გაქვთ თანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.

რატომ გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე?

სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების (GE-06) ფარგლებში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის – საქართველოს, საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერით, (რომელიც არეგულირებს ციფრული და ანალოგური მაუწყებლობისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენების ნორმებს, ვადებს და კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება.

შეიძლება თუ არა ანალოგური და ციფრული მაუწყებლობა ერთდროულად მივიღოთ?

დიახ, შესაძლებელია.

შეიძლება თუ არა ერთი,, სეთ-თოფ ბოქსის“ ორ ან მეტ ტელევიზორთან მიერთება?

დიახ, ოღონდ, ტელევიზორებში იქნება ერთი და იმავე პროგრამების ჩვენება.

ვარ სოციალურად დაუცველი, მეკუთვნის თუ არა შეღავათი?

რეფორმის პროცესში სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია მთავრობა სერთიფიცირებულ ,,სეთ-თოფ ბოქსებს” შეისყიდის და საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვისცენტრებში გადაანაწილებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისთვის კი სახელმწიფო „სეთ-თოფ ბოქსების“ საცხოვრებელ ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს.

რა სარგებელი აქვს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლას?

ციფრული ტელევიზია იძლევა უფრო მეტი პროგრამის გადაცემის საშუალებას: დაახლოებით თხუთმეტი სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა სიხშირეთა იმ არხში, რომელიც ამჟამად გამოიყენება მხოლოდ ერთი ანალოგური პროგრამისათის. მომხმარებელთათვის მიწისზედა ტელე-მაუწყებლობის გაციფრულება უზრუნველყოფს ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესებულ ხარისხს, უფრო მეტი რადიო და სატელევიზიო პროგრამების ხელმისაწვდომობას, მომსახურებას, პორტაბელური და მობილური პროგრამების მიღების საშუალებასა და გაზრდის ინფორმაციული საზოგადოების სერვისების მიწოდების პოტენციალს. სერვის პროვაიდერებისათვის ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა უზრუნველყოფს უფრო მეტ შესაძლებლობას პროგრამის კონტენტის შექმნისათვის სხვადასხვა აუდიტორიის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით. აგრეთვე, გრძელვადიან პერსპექტივაში, იგი ამცირებს სერვის პროვაიდერების სამაუწყებლო ხარჯებს და უზრუნველყოფს მოქნილობას ნაციონალურ თუ ადგილობრივ მაუწყებლობის დონეებზე. სახელმწიფოსათვის სარგებელი ჩნდება ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებულ რადიო სიხშირეთა რიცხვის შემცირებისა და მათი გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის გამო. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებისა და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით საშუალოვადიან პერსპექტივაში, სამაუწყებლო სიხშირეთა ნაწილი გამოყენებულ იქნება (კერძოდ, 800 მჰც დიაპაზონი 2014 წლიდან ხოლო 700 მჰც დიაპაზონი 2015 წლის შემდგომ) უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას და შემდგომ განვითარებას.

როგორია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადები და ეტაპები?

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) 1–ლი რეგიონისათვის (სადაც საქართველოსთან ერთად შედის ევროპა, აფრიკა და აზიის დიდი ნაწილი) – 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე მიგრაციის ვადად; მოცემული გულისხმობს, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ ქვეყნების ფარგლებში მოქმედი ანალოგური სატელევიზიო სიგნალები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების მხრიდან წარმოქმნილი ხელშეშლებისგან. 17 მარტიდან 17 ივნისამდე, პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში, სატელევიზიო გადაცემები ანალოგური და ციფრული სიგნალების მეშვეობით გავრცელდება. აღნიშნულ პერიოდში თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ,,სეთ-თოფ ბოქსებით”.

რატომ არ მიანიჭა მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს სიხშირული რესურსი ან/და სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზია?

ანალოგური მაუწყებლობის დროს ერთი პროგრამა გადაიცემოდა ერთ სამაუწყებლო არხში რისთვისაც მაუწყებელს გააჩნდა ერთი სამაუწყებლო ლიცენზია. ციფრული მაუწყებლობის დანერგვისას გაიმიჯნა ქსელის ოპერატორის და კონტენტის მიმწოდებლის ფუნქციები. ამჯერად, ქსელის და მულტიპლექს პლატფორმის ოპერატორის საქმიანობა რეგულირდება კანონით ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ. ხოლო პროგრამის/კონტენტის მიმწოდებლის საქმიანობა რეგულირდება კანონით მაუწყებლობის შესახებ. კონტენტის მწარმოებელს აქვს სრული სარედაქციო პასუხისმგებლობა მის მიერ შექმნილ პროგრამებზე, ხოლო ამ პროგრამების ბოლო მომხმარებლამდე მიწოდებას ახორციელებს ქსელის ოპერატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება, ანუ ლიცენზია, და შესაბამისი სიხშირული რესურსი.

მიმდინარეობს თუ არა შეთანხმება სიხშირული რესურის გამოყენებაზე მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან?

საქართველო, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა, უფლებამოსილია განახორციელოს სიხშირული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებბული მოლაპარაკება მის მეზობლებთან. საქართველო ამ საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მეშვეობით. ეს არის უშუალოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა.

ხომ არ უნდა შეიცავდეს ოპერირების წესების დოკუმენტი მუქს პლატფორმასთან დაშვების და პრიორიტეტების საკითხებს, ტარიფების გაანგარიშების და მათი შესაბამისობის მოდელს?

ოპერირების წესები სუფთა ტექნიკური დოკუმენტია, ეს ჩანს მისი შიგთავსიდანაც. ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. მუქს პლატფორმასთან დაშვების საკითხებს არეგულირებს კანონი, ხოლო ტარიფების გაანგარიშების მოდელი მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.

რა ფორმატში უნდა მიაწოდოს მაუწყებელმა ქსელის ოპერატორს მის მიერ წარმოებული კონტენტი/პროგრამა?

მაუწყებლებმა ე.წ. „Headend“-ს უნდა მიაწოდონ სტანდარტული და მაღალი გარჩევადობის არამოდულირებული და არაშემჭიდროებული სატელევიზიო სიგნალები. მაღალი გარჩევადობის სიგნალი უნდა მიაწოდონ HD-SDI სერიული გარჩევადობის ინტერფეისის ფორმატში, რომელიც შეესაბამება SMPTE 292 M სტანდარტს, მონაცემთა გადაცემის ნომინალური 1.485 გბ/წმ სიჩქარით, და სტანდარტული გარჩევადობის სიგნალი უნდა მიაწოდონ SD-SDI სერიული გარჩევადობის ინტერფეისის ფორმატში, რომელიც შეესაბამება SMPTE 259 M სტანდარტს, მონაცემთა გადაცემის ნომინალური 270 მბ/წმ სიჩქარით. მაუწყებლებმა ე.წ. „Headend“-ს ასევე უნდა მიაწოდონ ელექტრონული პროგრამების გზამკვლევისათვის (EPG) გადაცემათა პროგრამის შესაბამისი ნუსხა, XML ფორმატში.

ხომ არ არის მიზანშეწონილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს პოლიტიკური და კომერციული ზეგავლენისაგან და სახელმწიფო კონტროლისგან გათავისუფლებული სტრუქტურა და სიხშირე გადასცემოდა საზ. მაუწყებელს და ის ყოფილიყო ქსელის მფლობელი?

დამოუკიდებელი სახელმწიფო ქსელის და მულტიპლექს პლატფორმის მშენებლობის მიზეზი იყო ქვეყანაში საგანგებო და ფორსმაჟორული სიტუაციების გონივრულად მართვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში შეიქმნა საგანგებო მდგომარეობა, დროებით წყდება მაუწყებელის პროგრამა და ეკრანზე გამოდის საგანგებო შეტყობინება. ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა მოსახლეობის წინაშე და ვერ იქნება ვერც საზ. მაუწყებლის, ვერც რომელიმე სხვა ოპერატორის მოვალეობა. კანონით გამიჯნულია ქსელის ოპერატორის და პროგრამის მწარმოებლის ფუნქციები, კონტენტზე კონტროლის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საზ. მაუწყებელს, რადგან მხოლოდ მას გააჩნია კონტენტის სარედაქციო უფლება. ამ მოდელში სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს გამართული ქსელი.

უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო სეთ-თოფ ბოქსის მონტაჟს?

ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ უმოკლეს ვადაში. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,სეთ-თოფ ბოქსს” ახლავს ინსტრუქცია, რომლის მიხედვით მარტივად შეძლებთ ტელევიზორთან აღნიშნული ხელსაწყოს მიერთებას. გარდა ამისა, ოჯახებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები (რამდენჯერმე), სადაც ზუსტად იქნება მითითებული, როგორ ერთდება ტელევიზორთან სეთ-თოფ ბოქსი. მოსახლეობა ინფორმაციას სატელევიზიო კლიპებიდან და პრესის საშუალებითაც მიიღებს.

რა ღირს ,,სეთ-თოფ ბოქსი“?

სეთ-თოფ ბოქსის ფასს დაარეგულირებს ბაზარი.

გამოგვადგება თუ არა თანამგზავრული თეფში ან რისივერი?

არა.

როგორ მივიღოთ სეთ-თოფ ბოქსი ?

შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ, სოციალურად დაუცველმა პირებმა მიაკითხეთ საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვისცენტრებს და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღეთ კუთვნილი ,,სეთ-თოფ ბოქსი”.

მოგვიწევს თუ არა ტელევიზორის გამოცვლა?

ოჯახებს , რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის -„სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა. ტელევიზორების შეცვლა მხოლოდ იმ მომხმარებლებს მოუწევთ, რომელთა ტელევიზორებს არ უერთდება RCA ტიპის კაბელი. მას, ვისაც სურს შეიძინოს თანამედროვე ტელევიზორი, რომლის ფუნქციონალი შეესაბამება საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს, დასჭირდება მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა.

რა არის „სეთ-თოფ ბოქსი“და სად შევიძინოთ ?

ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობა – „ სეთ- თოფ ბოქსი“, რომელიც თქვენს ტელევიზორს ანტენიდან შემოსულ სტანდარტულ ან მაღალი გარჩევადობის სიგნალს მიაწვდის. „სეთ- თოფ ბოქსის“ შეძენა შასაძლებელია სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში.

რომელი ანტენით უნდა მივიღოთ ციფრული სიგნალი?

ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იმავე ანტენით მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა; იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც.

ვის ეხება აღნიშნული პროცესი?

რეფორმა თანაბრად ეხება ყველა ოჯახს, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ.

ტერმინები და აბრევიატურები

ანალოგური მაუწყებლობა – მიწისზედა ტელე და რადიო მაუწყებლობა, რომელიც ანალოგური სიგნალით ხორციელდება. ციფრულ ტელევიზიამდე ყველა ტელევიზია ანალოგური იყო

კოდირება – ტელესიგნალის შინაარსის დაშიფვრის პროცესი დამცავი მექანიზმის საშუალებით (ელექტრონული გასაღები), რაც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს აძლევს საშალებას მიიღოს სიგნალი შესაბამისი გასაღებით

მარეგულირებელი ორგანო – მაუწყებლობის ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მაუწყებლებს აძლევს ლიცენზიას და აკონტროლებს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აწესებს სანქციებს გადაცდომებისათვის და კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს სამაუწყებლო სისტემის განვითარებას

მიმღები აპარატურა – სამუწყებლო პროგრამების მისაღებად საჭირო მოწყობილობები

მულტიფლექსი – რამოდენიმე სატელევიზიო ნაკადის ერთ ციფრულ არხში გაერთიანების და გადაცემის სისტემა

პირდაპირი სატელიტური ტელემაუწყებლობა – მაუწყებლობა, რომლის სიგნალიც სატელიტური თეფშით / ანტენით მიიღება სახლის პირობებში

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) – გაეროს სააგენტო, რომელიც კოორდინირებას უწევს მიწისზედა და სატელიტური ტელეკომუნიკაციების სტანდარტებს, ტექნოლოგიასა და მათ გავრცელებას მთელ მსოფლიოში

სატელიტური თეფში – სატელიტური სიგნალის მიმღებუ ანტენა, რომელიც სიგნალის ფოკუსირებას პარაბოლური ამრეკლით ახორციელებს

სატელიტური საკაბელო ტელევიზია კოლექტიური მიმღებით – სათემო სატელიტური სატელევიზიო სისტემა მობინადრეთა ჯგუფისათვის (მაგ: მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი), რომლებიც ერთ თეფშს იყენებენ

სრული დაფარვა – მაუწყებლის მიერ რომელიმე რეგიონის ყველა აბონენტის მოცვა / დაფარვა

ტელეგადაცემის ელექტრონული სარჩევი – ელექტრონული განრიგი, რომელიც ეკრანზე გამოსახავს ტელევიზიების პროგრამულ ბადეს და კონტენტს

ტელეკომუნიკაციების ოპერატორი / ინტერნეტ პროვაიდერი – ორგანიზაცია, რომელიც აბონენტებს საზოგადოებრივი ტელეკომუნიკაციების სერვისით ( ქსელები, ტელეკომუნიკაციები, ინტერნეტი და ა.შ) უზრუნველყოფს. ოპერატორი, ჩვეულებრივ, პასუხისმგებელია მხოლოდ სიგნალის მიწოდებაზე და არა მის შინაარსზე

ციფრული მრავალარხიანი ხმის სისტემა – ფორმატი, რომელსაც თანამედროვე კინემატოგრაფია იყენებს. სისტემის მიერ მონო, სტერეო თუ გარემომცველ ფორმატზე მოქნილი და ხავერდოვანი გადასვლის შესაძლებლობის გამო, იგი იდეალურია პირდაპირი გადაცემისთვისაც და სახლში საყურებლადაც

ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის სტანდარტები – ციფრული ტელევიზიის გადაცემის და მიღების საერთაშორისო სტანდარტები. პირველი თაობის სტანდარტებია : DVB-S (სატელიტური), DVB-C (საკაბელო), DVB-T (მიწისზედა); შემდგომი, ანუ მეორე თაობის სტანდარტებს მიეკუთვნება: DVB-S2 (სატელიტური), DVB-C2 (საკაბელო), DVB-T2 (მიწისზედა), რომელბიც წარმოადგენს მაღალი სიმკვეთრის მაუწყებლობას გადაცემის ოპტიმალურ გადაწყვეტას და 30-50%-ით ზრდის გადაცემული არხების რაოდენობას

ციფრული სატელევიზიო მიმღები (set-top-box) – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ანტენიდან შემოსულ სტანდარტულ ან მაღალი გარჩევადობის სიგნალს აწვდის ტელევიზორს

ციფრული ტელევიზია – სატელევიზიო მაუწყებლობა, რომლის გამოსახულება და ხმა გადაიცემა, როგორც ციფრულ მონაცემთა ნაკადი

ციფრული ტელევიზიის პლატფორმა – ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემთა გადაცემის ქსელი, რომელიც მომხმარებლებისათვის მაუწყებლობის მიწოდებას უზრუნველყოფს

UHF – ულტრა მაღალი სიხშირეები

VHF – ძალიან მაღალი სიხშირეები

EBRD – რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი

HD – მაღალი გარჩევადობის

IDFI – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

HEADEND – სათავო სადგური, რომელიც აწარმოებს კონტენტის შემჭიდროვებას, კოდირებას, მულტიპლექსირებას და სადისტრიბუციო ქსელში გადაცემას

კონტენტი – შინაარსი, შიგთავსი, ასოცირებულია სამაუწყებლო პროდუქტთან

 

წყარო: www.digitaltv.ge