მომხმარებელთა უფლებები

რა უფლებები აქვს ელექტრონული კომუნიაკციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებელს?

  • მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი;
  • მომხმარებელს უნდა შეეძლოს უფასოდ და შეუფერხებლად, ამომწურავად, გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით;
  • თავისუფლად აირჩიოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობა;
  • მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდებისა და მიღების წესების შესახებ; ასევე, რა ზომებს გაატარებს მიმწოდებელი კომპანია მომხმარებლის მიერ ამ წესების დარღვევის შემთხვევაში;
  • ჰქონდეს ინფორმაცია გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების (საფასურის გადახდის ფორმები), საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ;
  • ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო სისტემის შესახებ;
  • იყოს ინფორმირებული მომსახურების შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძვლებისა და ხანგრძლივობის შესახებ;
  • იყოს ინფორმირებული მიუწოდებელი ან უხარისხო მომსახურებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობების შესახებ;
  • მომსახურების ნებისმიერი სახისა და პირობის ცვლილების შემთხვევაში პროვაიდერი კომპანიისგან ეცნობოს ცვლილების განხორციელებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე;
  • გააჩნდეს წინასწარი ინფორმაცია თუკი რაიმე მომსახურებას ესაჭიროება დამატებითი ანაზღაურება (ამ მომსახურების მიწოდებამდე);
  • მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში არსებულ საჩივრების განმხილველ სამსახურში წარდგენილი საჩივარი განხილულ იქნას 15 დღის განმავლობაში, მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყოველმხრივ შესწავლილი და სათანადოდ დასაბუთებული;
  • მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და  საქართველოს კანონმდებლობით.

ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.